"ჩემი რუბრიკა, რომლის მიზანიც ქალების გაძლიერება იყო, ხშირად წარუდგენია ლაშას, თან ისეთი სიტყვებით, რომ გული ამჩუყებია" - "მთავარი არხის" დილის გადაცემის ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძის დაკავებას ეხმაურება
"ჩემი რუბრიკა, რომლის მიზანიც ქალების გაძლიერება იყო, ხშირად წარუდგენია ლაშას, თან ისეთი სიტყვებით, რომ გული ამჩუყებია... ასეთია ძალადობა, მეგობრებო. ერთი შეხედვით ვერ ცნობ და იქ შეიძლება აღმოაჩინო, სადაც ამქვეყნად ყვეეეელაზე ნაკლებად ელოდები", - აღნიშნულით"მთავარი არხის" დილის გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანი, ჟურნალისტი ელენე მარგალიტაშვილი ამავე არხის დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ძალადობას არ აქვს არანაირი "მაგრამ" და "იქნებ".
"როცა სხვა არხის თანამშრომლები რაღაც ძალიან ამორალურზე ჩუმდებიან და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა, ძალიან ვბრაზდები ხოლმე და გული მწყდება, იმიტომ რომ არსებობს რაღაცები, რაც უნდა შეიმჩნიო და რასაც გამართლება არ აქვს.
ვერავინ ვერ წარმოიდგენს, ჩვენი გუნდის წევრების გარდა, რა საშინელი და გაუსაძლისი შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ შენი ხელებით შეკოწიწებულ, ნაფერებ, სიყვარულით შექმნილ გადაცემაში, რომელიც ამდენი ხანია მთელი მონდომებით ცდილობს, რომ ქალები გააძლიეროს, ძალადობა დაგმოს და ყველანაირ უსამართლობას ხმალამოღებული ებრძოლოს, თურმე ზის ადამიანი, რომელიც ამის ჩამდენი შეიძლება იყოს. ბრალდებებს ვერც კი ვიმეორებ, იმდენად შემზარავია ჩემთვის.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, ვინ იყო, როგორი იყო, მიყვარდა თუ არ მიყვარდა, მომწონდა თუ არ მომწონდა - ძალადობას არ აქვს არანაირი "მაგრამ" და "იქნებ". არასოდეს. არასოდეს და არცერთ შემთხვევაში!
აი, რომ გეკითხათ, გეგულება თუ არა ადგილი, სადაც ძალადობა არ არსებობსო, ვერც რომელიმე ოჯახზე დავდებდი თავს და ვერც სხვა რომელიმე ადგილზე, მაგრამ ჩემს სამსახურს თამამად დავასახელებდი. ჩემი რუბრიკა, რომლის მიზანიც ქალების გაძლიერება იყო, ხშირად წარუდგენია ლაშას, თან ისეთი სიტყვებით, რომ გული ამჩუყებია... ასეთია ძალადობა, მეგობრებო. ერთი შეხედვით ვერ ცნობ და იქ შეიძლება აღმოაჩინო, სადაც ამქვეყნად ყვეეეელაზე ნაკლებად ელოდები.
საბედნიეროდ, თუ ამ ამბავში შეიძლება რამე იყოს საბედნიერო, ჩემი სამსახური ამბობს და აცხადებს იმას, რისი იმედიც მქონდა და რაშიც ეჭვი არასოდეს შემპარვია - ჩვენთან ძალადობა არ მოსულა და არც მისი რაიმე ფორმით გამართლება. ამ მართლა საზარელი ამბის მიუხედავად, ვამაყობ, რომ სხვა არხებივით სირაქლემის პოზიცია არ გვაქვს და არც არასოდეს გვექნება. ზუსტად ამიტომ ვარ/ვიყავი ამ და არა რომელიმე სხვა არხის თანამშრომელი.
ძალიან, ძალიან, ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენი მზიანი და კეთილი გადაცემის ისტორიაში ასეთი ამბავი ჩაიწერა.
პ.ს. ბრალი ჯერ არ დამტკიცებია და სიმართლეს გამოძიება დაადგენს. ღმერთმა ქნას, ტყუილი აღმოჩნდეს" - წერს ელენე მარგალიტაშვილი.
სამართალდაცველებმა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით "მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნაკაიძე დაკავებულია ოჯახში ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის მუხლებით.
ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს მსხვერპლის მეგობარმა ქალბატონმა აცნობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "მთავარმა არხმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას.