loader

როგორ გამოიყურება ქუჩები, სადაც ქართული ფილმები გადაიღეს - თბილისი 50 წლის წინ და ახლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ქუჩები, სადაც ქართული ფილმები გადაიღეს - თბილისი 50 წლის წინ და ახლა

"ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიმიყვანს?" - ვერიკო ანჯაფარიძის ამ მრავლისმთქმელი ფრაზის შემდეგ 33 წელი გავიდა. ქუჩა, რომელიც პარლამენტის უკან მდებარეობს, დღეს ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ფილმ "მონანიების" გადაღებების დროს. რადიკალურად შეიცვალა მეიდნის მიმდებარე ტერიტორია, განახლებული ერეკლეს მოედანი დღეს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, თუმცა 1973 წელს ცნობის ფურცელი ფოსტალიონმა სწორედ ამ ადგილას დაარიგა და თბილისის ბინადრებს ახალი ამბავი აუწყა.

კიბეზე, რომელზეც მე ჩავიარე, ერთ დროს სერგო ზაქარიაძე დადიოდა. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. გრიბოედოვის 15 ნომერი ფილმის მთავარ გმირებზე მოგონებებს დღემდე ინახავს. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ თუ ჯავახიშვილის ქუჩაზე გაივლით, მაშინვე ამოიცნობთ კადრს, რომლითაც ფილმი "ცისფერი მთები" იწყება. სოსოს, ვასოს, იროდიონის და გრიშას სამსახური თითქმის უცვლელია.

აკაკი კვანტალიანს წელს ან გასულ წელს რომ დაკარგვოდა ქუდი, ნამდვილად ვერ გაეკიდებოდა. გმირთა მოედანი 1956 წელს, ფილმ "აბეზარას" გადაღებების დროს, რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურებოდა.

21-ე საუკუნეში რომ გადაეღოთ "ჭრიჭინა", უცვლელი იქნებოდა სცენა, როდესაც ლეილა აბაშიძე და რამაზ ჩხიკვაძე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეზე ერთმანეთს ხვდებიან. გამწვანებული პარკი, დიდი სივრცე და საბავშვო მოედანი - დაუჯერებელია, მაგრამ ეს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა, ფილმში "თოჯინები იცინიან". დღეს ამ კადრებიდან მხოლოდ სპორტის სასახლის ამოცნობაა შესაძლებელი.

ზანდუკელის და ძმები კაკაბაძეების ქუჩა - ეს ორი ლოკაცია შეარჩია ქეთი დოლიძემ "კუკარაჩას" გადაღებებისთვის. ადგილი, სადაც ინგა სეირნობს, შეიძლება მხოლოდ ქვაფენილით და წითელი აგურით მოპირკეთებული სახლით იცნოთ. ხალხმრავლობა, ქაოსი და გამონაბოლქვი - დღეს ასეთია კუკარაჩას უბანი.

მხატვარი მეუღლის შემოქმედების ხელშეწყობის მიზნით, მედეა ჯაფარიძე საბურთალოდან თბილისის ძველ უბანში, გომის ქუჩაზე გადავიდა. ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს ცისფერი, ხისრიკულებიანი კიბე, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ, დღესაც ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ოცნებებთან გამომშვიდობებას და ომის ქარცეცხლთან ბრძოლას ასახავს მრავლისმთქმელი კადრი, რომელიც მუშტაიდის ბაღშია გადაღებული. პარკის ძველებური იერსახე მისი რეკონსტრუქციის შემდეგაც შენარჩუნდა.

როგორი იყო თბილისი 50 წლის წინ და როგორია ახლა, რა შეიცვალა, რა გაკეთდა და რა შენარჩუნდა - ამ კითხვებზე პასუხს ქართული კინოკადრები ინახავს.


ავტორი: ნინო წიფურია

ოპერატორი: გიგა დანელია