loader

ილია მეორე - საქართველოს დაყოფას ერი არასდროს შეეგუება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია მეორე - საქართველოს დაყოფას ერი არასდროს შეეგუება

"საქართველოს დაყოფას ერი არასდროს შეეგუება", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში , კვიპროსის მთავარეპისკოპისის, ქრიზოსთომოსის სტუმრობის დროს განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტაძარში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს მიესალმა და მის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა.

"ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების ბედი ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ მწუხარებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიები დაპყრობილია, ისევე როგორც კვიპროსის დიდი ნაწილი დაპყრობილია მეზობელი ქვეყნის მიერ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი არასდროს შეეგუება საქართველოს დაყოფას, ისევე კვიპროსის ხალხი არ შეეგუება გაყოფას", - ბრძანა უწმინდესმა კვიპროსის მთავარეპისკოპისისადმი მისასალმებელ სიტყვაში.

კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია II-ს საქართველოში მოწვევისთვის.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა აღნიშნა, რომ ერთ დროს მათ მიწაზე ძალიან ბევრი ქართული ტაძარი იყო. დღეს ნანგრევებია, თუმცა მთავარეპისკოპოსმა ბრძანა, რომ მალე ეს ნატაძრალები განახლდება. ეკლესია კვიპროსსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი იქნება.
მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი თავის სიტყვაში დაეთანხმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ საქართველოსა და კვიპროსს ერთნაირი ბედი აქვთ. თუმცა დასძინა, რომ მათ ტერიტორიის 40% სხვა აღმსარებლობის ხალხს – მუსლიმებს აქვთ დაკავებული. საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებული მდგომარეობა კი ერთმორწმუნე ხალხის ბრალია.

კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპისი ქრიზოსთომოსი თბილისს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები. დღესვე საპატრიარქოში ორი ეკლესიის მეთაურების შეხვედრა გაიმართა.
მთავარეპისკოპისი ქრიზოსთომოსი საქართველოში 27 სექტემბრამდე დარჩება.