გია დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამას და ოჯახს ბოდიშს უხდის
გია დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამას და ოჯახს ბოდიშს უხდის. კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინისანმა ოთარ სურმანიძეს სასამართლო პროცესზე მიმართა და სთხოვა ნაადრევი დასკვნები არ გააკეთოს. გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სურმანიძის ოჯახს ბოდიშს იმის გამო უხდის, რომ მისი შვილისა და მეგობრების სიცოცხლის დაცვა პოლიციამ ვერ შეძლო. "კარგად მესმის თქვენი განწყობა და მდგომარეობა. ის ტკივილი რაც თქვენი შვილის დაკარგვითაა გამოწვეული, ამის შემსუბუქება და გადატანა ძალიან ძნელია, მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ. გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი სინანული როგორც პოლიციელის, რომ ამ სპეცოპერაციაში მე ვიღებდი მონაწილეობას და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა პოლიციელმა ვერ მოვახერხე პოლიციელის უმთავრესი მოვალეობის შესრულება, რაც გამოიხატება ადამიანის სიცოცხლისა და მისი უსაფრთხოების დაცვაში"- განაცხადა პროცესზე დგებუაძემ. ბრალდებულის თქმით, მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც პროკურატურა ედავება.