დაპირისპირება მძღოლების აქციაზე ორთაჭალაში - დაკავებულია 1 პირი
პოლიციამ ორთაჭალის ავტოსადგურზე აქციის ერთი მონაწილე დააკავა. ავტობუსების მძღოლებს გადაკეტილი ჰქონდათ გზა და კომპანია "მეტროს" ავტობუსს მარშრუტზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად, აქციის მონაწილეებს გზა გაახსნევინეს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისთვის ერთი პირი დააკავეს. მძღოლები სადგურის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საქართველოს ბაზრიდან კომპანია "მეტროს" გასვლას ითხოვენ. მათი განცხადებით, კომპანია საქართველოს მასშტაბით როგორც შიდა რეისებს, ასევე ტურისტულ მარშრუტებს აკონტროლებს.