loader

"რვიანის" ექვსი პოლიტიკური სუბიექტისთვის ხელისუფლების შეთავაზება მიუღებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რვიანის" ექვსი პოლიტიკური სუბიექტისთვის ხელისუფლების შეთავაზება მიუღებელია


ოპოზიციური "რვიანის" ექვსი პოლიტიკური სუბიექტი მიუღებელს უწოდებს ხელისუფლების შეთავაზებას და მიიჩნევს, რომ ასეთ გარიგებაში მონაწილეობა, ვერ ჩაითვლება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებად.

აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების შეთავაზებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შესახებ განცხადება დღეს, "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გააკეთეს, რომელსაც ესწრებოდნენ - "ეროვნული ფორუმის", "თავისუფალი დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის", "რესპუბლიკური პარტიის", "საქართველოს გზის" და "ხალხის პარტიის" ლიდერები.

განცხადების ტექსტი მედიის წარმომადგენლებს "თავისუფალი დემორკატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააცნო.
მისი თქმით, ხანგრძლივი დუმილის, ოპოზიციასთან შეჩერებული მოლაპარაკებების შემდგომ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 24 ივნისს, საღამოს პოლიტიკური "რვიანის" ერთ-ერთ წევრს წარუდგინეს საკუთარი წინადადებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ეს წინადადებები არ ექვემდებარება შეცვლას და პასუხი მათზე დღესვე უნდა გაიცეს.

ალასანიას განცადებით, ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯით კვლავ აირჩია ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის ენა და, ფაქტობრივად, უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე.
"ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი "ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანთ". საარჩევნო გარემოს ცვლილებას უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორება და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზება. ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის შეთანხმებად", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვის ერთადერთ გზად "რვიანს" ყოველთვის მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ შეთანხმების გზით აღმოიფხვრას ის ნაკლოვანებები, რომელიც საქართველოს საარჩევნო გარემოს უსამართლობას განაპირობებს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანი არჩევნებისთვის და ამ გზით ხელისუფლების შესაცვლელად ამ ბრძოლას ერთად გადავაქცევთ ფართომასშტაბიან სამოქალაქო მოძრაობად "თავისუფალი არჩევანისთვის" და ხალხთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას", - აღნიშნა ალასანიამ.

"რვიანში" დარჩენილმა პარტიებმა "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზების საპასუხო წინადადებები შეიმუშავეს."რვიანში" დარჩენილმა პარტიებმა მედიის წარმომადგენლებს გააცნეს საპასუხო პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ საარჩევნო წინადადებებზე, რომლის განხილვაც გუშინ, 26 ივნისს  "რვიანში" მოხდა და რომელსაც ხელი არ მოაწერეს "ახალმა მემარჯვენეებმა" და "ქრისტიან-დემოკრატებმა".
ეს დოკუმენტი დღეს ჟურნალისტებს რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააცნო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "რვიანისთვის" გაუგებარია ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხების ხაზგასმულად წინ წამოწევა, მაშინ როდესაც ძირითად საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიები და ა.შ. ხელისუფლების წინადადებები ჯერ კიდევ შორსაა ადეკვატურისგან, ხოლო სხვა წინადადებები მოითხოვს მნიშვნელოვან დაზუსტებას.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ წარმოდგენილი წინადადებები არ პასუხობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელ, მნიშვნელოვან პრინციპებს. "რვიანში" აცხადებენ, რომ მათთვის პირველ რიგში მთავარია ძირითად საკითხებზე შეთანხმება და შემდეგ გადასვლა სხვა საკითხებზე.