loader

ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება

ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება - ამის შესახებ, "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის მეუღლემ , მაია ბათიაშვილმა ე.წ. მოდულის შენობასთან დღეს, 27მაისს საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახს აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ბათიაშვილი და მისი ცოლის ძმა თამაზ ფანჩულიძე დაკავებული ჰყავთ მოდულის შენობაში, სადაც სასტიკად აწამებენ და სიკვდილის პირას ჰყავთ მიყვანილი.

როგორც ბათიაშვილის მეუღლე და მისი შვილი აცხადებენ, ის გარემოება, რომ ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია ირაკლი ბათიაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ და არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ის ჰყავთ დაკავებული, ამძაფრებს მათ ეჭვს, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ირაკლი ბათიაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ.

ბათიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისმა მეუღლემ, შვილმა, შვილის მეგობრებმა, რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. თავდაპირველად ისინი ვაკეში, მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ, საიდანაც ე.წ. მოდულის შენობის მიმართულებით მსვლელობა მოეწყო.

ამჟამად მოდულის შენობასთან აქცია დასრულებულია, თუმცა, ოჯახის წევრები საპროტესტო მოქმედებების გაგრძელებას გეგმავენ. ასევე, მიმართავენ სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს და ყველა გზას და ხერხს, რათა რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ დაკავებულები. ისინი ასევე მოითხოვენ, გათავისუფლდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მათი თქმით, 26 მაისის ღამეს ცემეს და დააკავეს.