loader

ილია II-მ ეროვნულ მუზეუმში, ანჩისხატთან პარაკლისი გადაიხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია II-მ ეროვნულ მუზეუმში, ანჩისხატთან პარაკლისი გადაიხადა

ანჩისხატობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დღეს ეროვნულ მუზეუმში, ანჩისხატთან პარაკლისი გადაიხადა.

უწმინდესსა და უნეტარეს მუზეუმის შესასვლელში მუზეუმის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და ხატის მოსალოცად მისული მრევლი დახვდა. უწმინდესმა ისინი დალოცა, რის შემდეგაც სიწმინდეების სპეციალურ საცავში მიბრძანდა, ანჩისხატი მოილოცა და პარაკლისი გადაიხადა.

ანჩისხატად წოდებული უფლის ხელთუქმნელი ხატი ბიზანტიიდან საქართველოში VIII-IX საუკუნეებში გადმოაბრძანეს და კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენეს. 1194 წელს, წმ. თამარ მეფის ბრძანებით, ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა. თამარის გარდაცვალების შემდეგ ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.

კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. უფლის ხელთუქმნელი ხატი დღემდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია გამოფენილი.