loader

კლინიკებში მოთავსებულ ბაღის აღსაზრდელებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კლინიკებში მოთავსებულ ბაღის აღსაზრდელებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს" - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.

"შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.

განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს" - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.