რას ამბობს ადვოკატი გურამ დადიანიძის საქმის მოწმის მამის სკანდალურ აუდიოჩანაწერზე?
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი მარიამ ქავთარაძე ერთ-ერთი მოწმის მამის საუბრის სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ხუროშვილის მიერ გავრცელებული ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.
"გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვცდილობ ხოლმე შეგნებულად არ გავაკეთო კომენტარები.
როგორც იცით, გამოკითხული არიან მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები და დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა. მთელი კვირები ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ გამოძიებას ეფექტურ მუშაობაში.
მორიგი მცდელობა ისევ და ისევ კვალის ასარევად. ნახავდით Tik-Tok ლაივის "სტრიმზე” გაკეთებულ ჩანაწერს. მოგეხსენებათ, ამ ჩანაწერში საუბრობს ნოდარ ხუროშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თამაზ ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა, რომელიც ამჟამად ამერიკაშია.
კერძოდ, ის საუბრობს, რომ მოწმეები საჯაროდ არ საუბრობენ, რადგან გამოძიებამ მათ კომენტარის გაკეთებისაგან თავის შეკავება სთხოვა. მინდა გითხრათ, როგორც ადვოკატმა, რომ ეს არის ტყუილი და მსგავს რამეს ადვილი არ ჰქონია. ჩვენ მოვითხოვეთ ამ ადამიანის გამოკითხვა და გამოძიებასაც მისცა იგივე ჩვენება, რასაც აქ აჟღერებს ეს ადამიანი.
პირიქით, მოთხოვნაა, რომ მოწმეებმა ისაუბრონ, ამოიღონ ხმა და ილაპარაკონ სიმართლე.
ასევე მინდა შევეხო იმ ნაწილსაც, რომ თითქოს გამოძიება დახურულია და აკრძალულია საუბარი და თითქოს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი მოწმეებს. ესეც არის ტყუილი და მსგავს ფაქტს არ აქვს ადგილი და არანაირი შეზღუდვა არ არის. გამოძიება არ არის დახურული, ხაზგასმით ვამბობ, რომ გამოძიება არ არის დახურული და გამოძიებას ბავშვებისთვის საუბარი არ აუკრძალავს და ნუ ცდილობთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
არის ასევე გაჟღერებული ვერსიები, რომელიც საჭიროებს შემოწმებას და ჩვენ, როგორც ადვოკატები ვაწვდით ყველანაირ ინფორმაციას გამოძიებას და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თითოეული საკითხის გადამოწმებაზე და კითხვებზე პასუხის გასაცემად.
მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ გამოძიებას არ ატარებს ადვოკატი, ამას აკეთებს გამომძიებელი და მე როგორც გურამ დადიანიძის ადვოკატი, ვცდილობ გამოძიებას დავეხმარო და მივაწოდო მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. ასევე ჩვენ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებისთვის, გამოძიებას სჭირდება გარკვეული დრო.
საზოგადოება ჩვენგან პერიოდულად მიიღებს ინფორმაციას იმ მოცულობით, რაც გამოძიებას ხელს არ შეუშლის", - წერს მარიამ ქავთარაძე.
ცნობისთვის, გადაცემა "შენი ამბავი"-ს ფეისბუქ-გვერდზე Tik-Tok ლაივის საჯარო "სტრიმზე" გაკეთებულ ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც საუბრობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა ნოდარ ხუროშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.
ნოდარ ხუროშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ გურიკა დადიანიძე იმ ღამით განგებ გაიპარა. მისი აზრით, ის რუსეთში იმყოფება, ცოცხალია და მალე გამოჩნდება.
როგორც ხუროშვილი აღნიშნავს, საქმის მოწმეებს გამოძიების ფარგლებში ე.წ. გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საჯაროდ ვერ ლაპარაკობენ სიმართლეს.