ფარულად გადაღებული კადრები, რის გამოც ექიმი მაია კოხტაშვილი დააკავეს
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ექიმ მაია კოხტაშვილის შესახებ განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა.
უწყების ცნობით, ექიმს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მესამე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა მაია კოხტაშვილმა, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, საპატირო გუშინ დატოვა. კოხტაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც გირაო გადაიხადეს. გირაოს თანხა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მეშვეობით მოქალაქეებმა შეაგროვეს.
მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.