"ოთარ ფარცხალაძე პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა და გარწმუნებთ, არ დავაყოვნებ!" - უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი
"ფარცხალაძე პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა და გარწმუნებთ, რომ არ დავაყოვნებ პასუხის გაცემას. ის მიხვდება, რომ სულ ტყუილად წამოიწყო კამპანია „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ. არცერთ გამონათქვამს, მითუმეტეს სერგო ორჯონიკიძის შთამომავლობისგან, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ ", - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთახ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც უკრაინაში მებრძოლ ქართველებს სამხედრო დამნაშავეები უწოდა.
მამულაშვილის თქმით, ფარცხალაძე აშკარად რუსეთის კადრია და ასრულებს მოსკოვის დავალებებს, ასევე, მამულაშვილი აცხადებს,რომ ფარცხალაძეს საქართველოში უამრავი გადაწყვეტილება აქვს მიღებული რუსეთის სასარგებლოდ, რაც არა მხოლოდ მისი, არამედ იმ ადამიანების დანაშაულია, ვინც ის თანამდებობაზე დასვა.
მამულაშვილი პირობას დებს, რომ ოთარ ფარცხალაძე მიიღებს პასუხს.
„ეს ადამიანი იყო გენერალური პროკურორი და საქართველოში უამრავი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, უამრავი ადამიანი ჰყავს ციხეში ჩასმული და უამრავი ქმედება აქვს ჩატარებული რუსეთის სასარგებლოდ, რაც არ არის მარტო მისი დანაშაული - ეს იმ ადამიანების დანაშაულია, ვინც ეს ადამიანი მოიყვანა და ხელისუფლებას გააკარა, რადგან აშკარად რუსეთის კადრია და ასრულებს იმას, რასაც შემკვეთი ეუბნება.
ფარცხალაძეს, როგორც ადამიანს, არ აქვს კაცური თვისებები. ის თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა და მე გარწმუნებთ, რომ არ დავაყოვნებ ამ პასუხის გაცემას. ის მიხვდება, რომ სულ ტყუილად წამოიწყო ეს კამპანია „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა მამულაშვილმა.
„ქართული ლეგიონის“ მეთაური აცხადებს, რომ უკრაინაში ქართული დანაყოფი უპრეცედენტო საინფორმაციო და ფიზიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, ხოლო რუსეთის მიერ მის საპირწონედ რუსეთში ქართული დანაყოფის შექმნის მცდელობა საქართველოს დისკრედიტაციასა და ქვეყნის სანქცირებას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, კრემლი უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ფიზიკურ განადგურებას 12 წელზე მეტია უშედეგოდ ცდილობს, რის გამოც ახლა პროპაგანდისტულ ომსა და თავდასხმებს აძლიერებს.
„რაც შეეხება თავად „ქართულ ლეგიონს“, თქვენ გესმით, რომ ასეთი დიდი წნეხის ქვეშ, რომლის ქვეშაც „ქართული ლეგიონია“, არასდროს ყოფილა არცერთი დანაყოფი, თავად უკრაინული დანაყოფებიც კი. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ძველი დანაყოფი უკრაინულ სამოხალისო დანაყოფებთან შედარებითაც. იდეოლოგიურადაც რუსეთს არ მოსწონს, რომ ამ რაოდენობის ქართველები იბრძვიან უკრაინის მხარეს და, შედეგად, 12 წელზე მეტია, გვებრძვის ინფორმაციულადაც, ფიზიკურადაც. რადგან ვერ შეძლეს „ქართული ლეგიონის“ ფიზიკური განადგურება, ახლა შეეცადნენ, შეექმნათ რაიმე საპირწონე და ჩამოეყალიბებინათ კიდევ ერთი ქართული დანაყოფი, რომელიც ვითომდა იბრძოლებს რუსეთის მხარეს. სინამდვილეში, ეს არის საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა, ეს არის მცდელობა ,საქართველო ჩაითრიონ იმ სანქციების ქვეშ, რა სანქციების ქვეშაც იმყოფება რუსეთი და ამისთვის იყენებენ რუსებს ქართული გვარებით, რომლებიც რუსეთს ტერიტორიაზე იმყოფებიან და ლაპარაკობენ რაღაც სისულელეს, რომ „ქართული ლეგიონი“ უნდა გასამართლდეს რუსეთის კანონებით.
„ქართული ლეგიონი“ რუსეთში 2022 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგანაც „ქართულმა ლეგიონმა“ ძალიან დიდი ზარალი მიაყენა რუსეთის ფედერაციას. ვხედავთ, რომ ეს სადეზინფორმაციო მანქანა საკმაოდ გაძლიერებულია, ასევე გაძლიერებულია ჩვენზე ფიზიკური განადგურების შემთხვევები, თავდასხმები. პირადად ჩემზე შვიდი თავდასხმა მოხდა და სამი მოწამვლის მცდელობა იყო და უშიშროების სამსახურის დახმარებით ბევრი რამის გადალახვა შევძელით.
დღესაც გრძელდება ეს ყველაფერი და არცერთ გამონათქვამს, მითუმეტეს სერგო ორჯონიკიძის შთამომავლობისგან, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ“, - განაცხადა მამულაშვილმა.
ქართველმა მებრძოლმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ შექმნის სამოხალისო-საბრძოლო დანაყოფის შექმნის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაყოფის ჩამოყალიბება რუსული სპეცსამსახურების დირექტივაა.
„ეს არის რუსული სპეცსამსახურების დირექტივა, რომელსაც ფარცხალაძე ასრულებს იმიტომ, რომ ფარცხალაძე რომ ავიღოთ როგორც სამხედრო პირი, ამ სფეროში მისი ღირებულება არის ნული. მე არ მგონია, რომ ამ ადამიანმა იცის, იარაღი რომელი მხრიდან ისვრის. ჯერ ეგ უნდა ისწავლოს, სანამ ბატალიონს ჩამოაყალიბებს, მაგრამ აქ საუბარი ამაზე არ არის. აქ საუბარია დატვირთვაზე და იმაზე, თუ საით მიჰყავთ ეს ყველაფერი. დიდი ალბათობით, მას მისცეს ბრძანება, რომ დააფინანსოს და შექმნას კიდევ ერთი ბატალიონი, ის კი ეცდება, ამ ავანტიურაში ჩაითრიოს ქართული გვარების მქონე პირები, ვინც რუსეთში ცხოვრობენ. ეს რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან ამ 12 წლის მანძილზე ძალიან ცოტა ქართველი შემხვედრია და ისინიც დაღუპულები შემხვედრია ფრონტის ხაზზე.
დიდი ალბათობით, ის რუსებით იქნება დაკომპლექტებული, ერქმევა „გეორგიევსკი“ ან რაღაც სხვა, ეყოლებათ რამდენიმე ქართულად მოსაუბრე, ვინც ილაპარაკებს, რომ ეს დანაყოფი ძირითადად დაკომპლექტებულია ქართველებით და, სავარაუდოდ, ამ ტიპის სადეზინფორმაციო ნაწილთან გვექნება შეხება“, - აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა.