"ქალი დახმარებას ითხოვდა და ყვიროდა, ის შოკურ მდგომარეობაში, შიშველი ნახეს" - ნეაპოლში, ქართველი ქალი გააუპატიურეს: რას წერს იტალიური მედია?
ნეაპოლში, ქართველი ქალი გააუპატიურეს. ინფორმაცია იტალიურ მედიაში ვრცელდება.
შემთხვევა კვირას, 30 აგვისტოს, ღამე, ტორე ლუიზას მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი დახმარებას ითხოვდა და ყვიროდა, ის შოკურ მდგომარეობაში, შიშველი ნახეს.
თავდამსხმელმა, 40 წლის მაროკოელმა გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა მიწისქვეშა გადასასვლელით გაქცევას ცდილობდა.
მედიის ცნობით, დაზარალებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნულ დანაშაულს სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება "ანოლფის" ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე გამოეხმაურა და ემიგრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"საშინელებაა, რაც ნეაპოლში 28 წლის ქართველ გოგოს დაემართა. ფრთხილად ხალხნო! და გარეთ არ გაბედოთ გვიან გასვლა, არაა... თან ნაპოლში? არ მკითხოთ აქ არაფერი. ნაპოლის გვერდზე დევს ინფორმაცია... დამეკარგა სიხალისე, ძალა წამართვა გაგებულმა" - დაწერა ფიქრია კუჭუხიძემ, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.
მისი თქმით, სრული უფლება აქვს, სიფრთხილისკენ მოუწოდოს ემიგრანტებს.
"წავშალე სტატუსი, რადგან ხვალ ან ზეგ ამ გოგომ შეიძლება ნახოს და ცუდად იმოქმედოს მასზე. თქვენ ზოგი რას გავდით კომენტარებში?ორღობის ინჭორბიურო. სრული უფლება მაქვს სიფრთხილისკენ მოვუწოდო ემიგრანტებს, მაგრამ არავის არ აქვს უფლება მიმითითოს რატომ ავაფორიაქე სოციუმი. ასეთ ინტრიგნებს ვეტყვი, "ლაიქები" არ მჭირდებოდა... საჭირო ინფორმაცია იყო, რომ გაფრთხილდეს ყველა... და საერთოდ მიხედოს ყველამ მის საქმეს... ძალის გამოყენებით გოგოს მიაყენეს ზიანი და რა უნდოდაო გარეთო... მეტი საქმე არ გაქვთ არა?" - წერს ფიქრია კუჭუხიძე.