loader

აკრძალვა, რომელიც თუშეთში მოქმედებს და ყველა ვიზიტორს ეხება - რა უნდა იცოდეთ, თუ მის მონახულებას გეგმავთ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აკრძალვა, რომელიც თუშეთში მოქმედებს და ყველა ვიზიტორს ეხება - რა უნდა იცოდეთ, თუ მის მონახულებას გეგმავთ?

საქართველოში არის ადგილი, სადაც დაუწერელი წესები დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა, სტუმრის პატივისცემა ტრადიციაა, ხოლო დღესასწაული - რიტუალების, ლხინისა და საუკუნეების ისტორიის ერთობლიობა. ეს თუშეთია.

თუშეთში ქრისტიანობა ადგილობრივ, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციებს ორგანულად შეერწყა. სწორედ ამ შერწყმამ შექმნა უნიკალური საკულტო სისტემა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხატებს, სალოცავებსა და მათთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს.

ერთ-ერთი ასეთი წესია თუშეთის ტერიტორიაზე ღორის ხორცის შეტანისა და მოხმარების აკრძალვა. ადგილობრივებისთვის ეს მხოლოდ საკვებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ არის - აკრძალვის მთავარი არსი წმინდა სივრცის დაცვას უკავშირდება.

ისტორიკოსების თქმით, ეს წესი იმდენად მკაცრად იყო დაცული, რომ ადგილობრივები ღორის ტყავისგან დამზადებულ ქალამნებსაც კი იხდიდნენ თუშეთის ტერიტორიაზე და საქონლის ან ცხვრის ტყავის ქალამნებით, ან თუშური მატყლისგან ნაქსოვი ჩითებით გადადიოდა.

ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია. თუშეთში ჩასულ სტუმრებს ადგილობრივები სთხოვენ, ტერიტორიაზე ღორის ხორცი არ შეიტანონ და ამ წესს პატივი სცენ. მათთვის ეს სტუმრის შეზღუდვა კი არა, საკუთარი საკრალური სივრცისა და წინაპრებისგან გადმოცემული წესის დაცვის ნაწილია.

აქ თითოეულ სოფელს საკუთარი დღეობა, და წეს-ჩვეულება აქვს. თუშური საკულტო დღეობების ციკლი — ათნიგენობები — აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამ პერიოდში სოფლებში, ტარდება რიტუალები.

ათნიგენობა მხოლოდ რელიგიური რიტუალებით არ შემოიფარგლება. დღესასწაული ლხინისა და სტუმარმასპინძლობის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამ დღეებისთვის იხარშება თუშური ალუდი — ქერის ალაოსგან დამზადებული ტრადიციული, დაბალალკოჰოლური სასმელი. მისი მომზადების ტრადიციული მეთოდი საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

თუშური დღესასწაული დოღის გარეშეც იშვიათად ჩაივლის. ცხენები, მხედრები და მთის ბილიკებზე გამართული შეჯიბრებები დღეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია.

ამავე დღესასწაულებზე ცოცხლდება ხალხური ხელოვნებაც — თუშეთში დღემდეა შემონახული ქსოვა, წინდების, „ჩითების“, ხალიჩებისა და ნაბდის დამზადების ტრადიცია.

თუშური კულტურის ნაწილია განსაკუთრებული კერძებიც — ხინკალი, კოტორი და ხავიწი. კოტორი თუშური ხაჭაპურის სახეობაა, რომელსაც ტრადიციულად ძალიან თხელი ცომითა და ხაჭოსა და ერბოს შიგთავსით ამზადებენ.

თუმცა თუშური სამზარეულოს ყველაზე ცნობილი პროდუქტი მაინც გუდის ყველია. ცხვრის ან შერეული რძისგან დამზადებული ყველი ცხვრის ტყავისგან გაკეთებულ „გუდაში“ მწიფდება და დაახლოებით 60 დღის განმავლობაში ინახება. ეს უძველესი ტექნოლოგია დღესაც გრძელდება და გუდის ყველს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც აქვს.

სწორედ ამიტომ, თუშეთის ნახვა მხოლოდ მთების, ციხე-სოფლებისა და ულამაზესი ბუნების ნახვას არ ნიშნავს — ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახო კულტურა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ყოველდღიური ცხოვრებით ინარჩუნებდნენ.