loader

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება რუსთაველის გამზირზე გადაღებული კადრები - რა იმალება თბილისის ცენტრში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება რუსთაველის გამზირზე გადაღებული კადრები - რა იმალება თბილისის ცენტრში?

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კადრებში ჩანს მელიქ-აზარიანცის სახლის მიწისქვეშა სარდაფები. სახლის მშენებლობა 1911 წელს დაიწყო და 1915 წლამდე გაგრძელდა. პროექტის ავტორი იყო რუსი არქიტექტორი ნიკოლაი ობოლონსკი.

"სილქ დეველოპმენტის" ინფორმაციით, შოთა რუსთაველის გამზირის №37-ში მდებარე მელიქ-აზარიანცის სახლის ეტაპობრივ რეაბილიტაციას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად განაგრძობს.

"სამუშაო მიმდინარეობს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეების, არქეოლოგების, არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ. ამ ეტაპზე, ხორციელდება დაზიანებული ნაწილის გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოები.

რეაბილიტაციის თითოეული ეტაპი კვლევებზე დაყრდნობით, შენობის პირვანდელი იერსახის სრული გათვალისწინებით მიმდინარეობს - შენარჩუნდება ისტორიული თაღები და სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტები." - ნათქვამია "სილქ დეველოპმენტის" ინფორმაციაში.

ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი იყო მსხვილი მოვაჭრე, წარმოშობით თბილისელი, მესამე-მეოთხე თაობის ქალაქელი. მელიქ-აზარიანცი ქალაქის მაშინდელ მერთან, ალექსანდრე ხატისოვთან მისულა და ადგილი უთხოვია სახლის ასაგებად. მერმა სწორედ ამ ნაგავსაყრელზე მიუთითა. დიდი ყოყმანის შემდეგ აზარიანცი შეთავაზებას დათანხმდა და ასეულობით ტონა მიწაც მიიტანა იმ ნაგავსაყრელის ამოსავსებად.

გადმოცემის თანახმად, მელიქ-აზარიანცს ერთადერთი ქალიშვილი, თაკუი, 22 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობამ წაართვა. შვილის დაკარგვის შემდეგ მამამ მისი ხსოვნისთვის ისეთი შენობის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც წლების შემდეგაც მის სახელსა და ტკივილს შეინახავდა.სახლის ფასადზე არსებული ქვის გვირგვინები სამგლოვიარო გვირგვინებს მოგვაგონებს, ზოგიერთი ფანჯარა კი ცრემლის ფორმისაა.

სახლი ბინების გასაქირავებლად იყო გამიზნული. მას საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, რაც იმდროინდელი სახლებისთვის უჩვეულო იყო. შიგნით განათავსეს მაღაზიები, აფთიაქი, ფოტოსალონი, საპარიკმახერო, სასეირნო ბაღი და მეეტლეთა სადგომიც კი.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ერთ დროს მდიდარი მეცენატი, ასეთი ინოვაციური შენობის ავტორი სრულიად ხელმოცარული დარჩა. მთელი ქონება, მათ შორის სახლიც, ჩამოართვეს და საშინელ სიღატაკესა და შიმშილში დალია სული 1923 წელს.

ვიდეო სოციალურ ქსელში ანა ტარტარაშვილი აქვეყნებს.