"ხვალ აპირებენ, რომ 22 წლის სტუდენტს ბრალი წაუყენონ" - ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეომიმართვა
"ამ ქვეყანაში ძალიან შერჩევითია სამართალი და ეს შერჩევითობა საზოგადოების ერთ ნაწილს ეხება. დიდ ნაწილს, ყველა პროფესიით და ასაკით. ამიტომაც არის რომ არ გჯერა, ამ ქვეყანაში პირნათელი სამართლის. როცა პოლიტიკის გამო შეუძლიათ გასწირონ 22 წლის სტუდენტი მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასეა საჭირო, აღარ გჯერა, რომ მათი სხვა გადაწყვეტილებები კანონზე და მორალურ პრინციპებზე დგას. ცოტნე მირცხულავა ჩემო სიყვარულო, ხომ იცი, ყველაფერში, ბოლომდე შენთან ერთად ვარ" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყენბს.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ცოტნე მირცხულავამ, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში საარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მისი თანმხლები პირი იყო, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვალ ბრალს წაუყენებენ.
როგორც ის აღნიშნავს, ბრალს იმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის წაუყენებენ, რომელსაც ასევე ნიკა მელიაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.„ის ამბავი ხომ გახსოვთ, ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში, ჰოდა, სწორედ იმ ამბავზე, ხვალ, პროკურატურა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალს წამიყენებს.
პირდაპირ ეთერში, კამერების წინ მოხდა ყველაფერი. 2 წელია ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ და ახლა თურმე, პროკურატურამ ბრალი მე უნდა წარმიდგინოს. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. მთავარია, ბოლომდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ. ამ ამბავსაც აუცილებლად ტკბილად გავიხსენებთ”, - წერს მირცხულავა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში მოხდა, ცოტა ხნის წინ, გამოძიება განახლდა. მელიას ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება თავის დროზე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა პროკურატურამ ბრალის ფორმულირება შეცვალა და გამოძიება საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გაგრძელდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნიკა მელია რამდენიმე კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა.აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირისთვის ბრალდება ამ ეტაპამდე წარდგენილი არ არის.