“ჩათვალეთ რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები…” - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ეხმაურება კრისტოფერ ნოლანის ფილმს „ოდისეას“, რომელიც ჰომეროსის ამავე სახელწოდების პოემის ეკრანიზაციაა.
სააკაშვილი ფილმის მთავარ გმირს, ოდისევს საკუთარ თავს ადარებს, ოდისევსის ცოლს პენელოპეს, რომელიც ქმარს 20 წელი ელოდა - საქართველოს მართვის სადავეებს, ხოლო ოპოზიციონერებს - პენელოპეს ხელის მთხოვნელებს.
სააკაშვილის თქმით, ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპეს ის უფრო შეეფერება, მის ჩაწიხვლას და განადგურებას ცდილობენ.
„ჩემს გამოსვლას ბოლო „სასამართლოზე“, რომელიც ოპოტელევიზიებმა ძალიან ცუდად გააშუქეს, ჩემს გვერდზე უფრო მეტი ნახვა ჰქონდა ვიდრე საერთოდ ყველა ქართულ ენოვანი არხის ყველა ნიუსს და თოქ-შოუს ერთად აღებულს. ხალხის უმეტესობასაც ჩემს ამ ქარდზე მოცემულ განცხადებას ენთუზიაზმით შეხედა და აი სხვების, განსაკუთრებით ოპოზიციონერების რეაქციამ გამიჩინა ასოციაცია - „ოდისევსის მოგზაურობასთან“.
ეს წიგნი ადრეულ ბავშვობაში წავიკითხე და მაშინ თავისი ციკლოპებით, ჯადოქრებით და სირინოზებით უბრალოდ ზღაპრად აღვიქვი. ახლა კი, ვნახე ახლად გამოსული ფილმი და დავინახე ოდისევსის ღრმა ფილოსოფიური შინაარსი. ოდისევსი ბრუნდება 20 წლიანი ხეტიალის შემდეგ, ჩუმად შემოიპარება გადაცმული ქვეყანაში, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ პენელოპას „დათრევას“ და მათ გეგმებში ოდისევსის გამოჩენა საერთოდ არ შედიოდა, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით.
ჩათვალეთ რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მე მაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და განადგურონ. ძალიან კარგი ფილმია! ყველას გირჩევთ ნახოთ.
რაც შემეხება მე, მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის. ჩემი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება, დანგრეული განათლების და ჯანმრთელობის სისტემების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა, რუსეთის დაშლიდან გამომდინარე, საფრთხეების მოგერიება და აფხაზეთის დაბრუნება და აი ამ ყველაფრისთვის მართლაც ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ის ბოლოს ყველაფერ ამას შეეწიროს. აი ასეთი ფილოსოფიური ტრაქტატი გამომივიდა“, - ვკითხულობთ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.