"ასეთი რთული დღეები არასდროს გამომივია, ბარგი ჩალაგებული მქონდა, ღამეები არ მეძინა" - რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წლებია, რაც საფრანგეთში ცხოვრობენ
"3 მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში უკვე 4 წელია, რაც ვცხოვრობ. ასეთი რთული დღეები არასდროს გამომივია. ბარგი ჩალაგებული მქონდა, ღამეები არ მეძინა. ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა ევაკუაცია. ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. ახლა სიტუცია შედარებით დასტაბილურდა და ჩვენც დავმშვიდდით", - ამბობს ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
საფრანგეთსა და ესპანეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ევროპის სამხრეთ-დასავლეთში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა, გვალვა და ძლიერი ქარი ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს, რის გამოც ორივე ქვეყანაში ათასობით მეხანძრე, სამხედრო და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ბორდოს მიმდებარედ ყველაზე დიდი ხანძარი უკვე ნაწილობრივ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მეხანძრეები ცალკეული აქტიური კერების ლოკალიზებას კვლავ განაგრძობენ.
ბორდოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქში ძლიერი დაკვამლიანებაა და ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუარესებულია. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს, ქუჩაში გადაადგილებისას დამცავი ნიღბები გამოიყენონ.
მძიმე ვითარებაა ესპანეთშიც. ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში, მათ შორის მადრიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი კერა რჩება აქტიური. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რაიონში ცეცხლის გავრცელების შეჩერება მოხერხდა, ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაღალი ტემპერატურა და ქარი მომდევნო დღეებშიც დიდ საფრთხეს შექმნის.