სუს-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებს - უწყებამ დააკავა პირი, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახისგან, მათი გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 11 300 ლარი აიღო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი
გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.