"ისეთი ბიჭი იყო, სხვის გამო დაუფიქრებლად გასწირავდა თავს.... ყველას გვერდში მდგომი და ყველას დამცველი იყო, ჩვენ კი ვერ დავიცავით, ვერ გავუფრთხილდით" - მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მასწავლებელი
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მასწავლებელი მარინა ნაკაიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"მეორე დღეა ჩემი გული და გონება არ იღებს იმ ამბავს, რომ ნიკა ღუნაშვილი აღარ არის... სიტყვებს ვერ ვპოულობ, ტკივილის, უსუსურობისა და მწუხარების განცდა მახრჩობს. იქამდეც მივედით, რომ ღიმილისა და სიცილის გამო საუკეთესო შვილებს გვიკლავენ. რატომ? როდემდე? როგორ მივედით აქამდე?
ორი წლის განმავლობაში ნიკას ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი და მისი დამრიგებელი ვიყავი. ვინც მას იცნობდა, დამეთანხმებიან, რომ ნიკა ყველასგან გამოირჩეოდა. ყველას უყვარდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო, არ გყვარებოდა სიკეთით, სითბოთი, სიყვარულით სავსე ბიჭი. სიცილიც განსაკუთრებული იცოდა - გულიანი, გემრიელი, გადამდები... სწორედ სიცილის გამო მოკლეს... აქამდეც მივედით, უფრო სწორად, დავეცით...
ნიკა ისეთი ბიჭი იყო, სხვის გამო დაუფიქრებლად გასწირავდა თავს. ყველას გვერდში მდგომი იყო, ყველას დამცველი. ჩვენ კი ვერ დავიცავით, ვერ გავუფრთხილდით, ბოროტებას უფლება მივეცით, რომ კიდევ ერთი გამორჩეული სიცოცხლე გაენადგურებინა. სიხარულითა და სიყვარულით სავსე ბიჭი ჩვენს მოურჩენელ ტკივილად იქცა... ქვეყნის მომავალს გვიკლავენ და ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ.
უშენოდ ყველაფერი გაუფერულდა და დაცარიელდა, ჩემო ღიმილიანო ნიკა" - წერს მარინა ნაკაიძე.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს.
რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.