რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყება - რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება შეიზღუდება
მინდა, ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას - ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, ეს არის რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გაიწელა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რეაბილიტაციის გამო, რუსთაველის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება შეიზღუდება. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.