"რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო, უკრაინაში ძებნილად გამოცხადდა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ქალზე, რომელიც თელავში ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალი, უკრაინაში ძებნილთა სიაში შეიყვანეს. მისი თქმით, ის რუსეთ ინფორმაციას აწვდიდა.
"რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო, უკრაინაში ძებნილად გამოცხადდა...არსებული ინფორმაციით, მან ინფორმაცია მტერს გადასცა და უკრაინაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.სწორედ ამიტომ იმალებოდა ის მოსკოვში.ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მალე გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს ადამიანი.," - წერს მამუკა მამულაშვილი.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.
შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.