"ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა?" - რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს დიმიტრი სამხარაძე ბერა ივანიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
ბათუმში, 18 ივლისს გამართული საქორწილო ცერემონია სოციალური ქსელებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟზე გიგა პაპუნაიშვილზე დაქორწინდა.
წყვილის ჯვრისწერის რიტუალი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში შედგა. ყურადღება მიიპყრო ნეფის მეჯვარემაც - გიგა პაპუნაიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯვრისწერის გამო, ტაძრის შესასვლელთან და პერიმეტრზე პოლიცია იყო მობილიზებული და ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებული იყო.
აღნიშნულს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.
"ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! რომ იცოდეთ, ამ სიბინძურით ივანიშვილების ოჯახს ვერაფერს დააკლებთ, ხალხის მოტყუების უფლებას არ მოგცემთ!" - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.