"ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უბედურება დატრიალდებოდა" - ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რას ამბობს 23 წლის ლიეტუველი ბიჭის დედა?
კრისტინა სტანიენე თავის 23 წლის შვილთან, კრისტუპასთან ერთად საქართველოში ერთი კვირით დასასვენებლად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად გაემგზავრა. თუმცა, მოგზაურობის მეორე დღესვე ახალგაზრდის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და დასვენება სიცოცხლისთვის ხანგრძლივ ბრძოლად იქცა. კრისტუპასი თითქმის ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა ქუთაისის საავადმყოფოში, მაგრამ ხუთშაბათს საღამოს, ლიეტუვის დროით დაახლოებით 19 საათზე, საქართველოს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მისი სიცოცხლე შეწყდა - იგი სამშობლოში გადაყვანისა და დახმარების მიღებამდე გარდაიცვალა, იტყობინება პორტალი lrytas.lt.
"ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელი იყო, არაფერს უჩიოდა, ძალ-ღონით სავსე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მოგზაურობის მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ასეთი უბედურება დატრიალდებოდა" - ჰყვებოდა კრისტინა შვილის გარდაცვალებაზე.
ყველაფერი მუცლის ძლიერი ტკივილით დაიწყო
კრისტინა შვილთან ერთად საქართველოში 14 მაისს გაემგზავრა, ხოლო 15 მაისს, გამთენიისას, ისინი უკვე ქუთაისში იყვნენ. პირველ დღეს ტურისტულ გიდთან ერთად მთები მოინახულეს, ტკბებოდნენ ხედებით, თუმცა მეორე დილით კრისტუპასმა კუჭის ძალიან ძლიერი ტკივილი იგრძნო.
თავიდან დედას ეგონა, რომ ეს საკვებით მოწამვლა ან საჭმლის მომნელებელი სისტემის უბრალო დარღვევა იყო.
"თვითონაც ამბობდა: ალბათ ამ ქვეყნის საჭმელმა არ მარგოო. მაგრამ ჩვენ ჯგუფთან ერთად ვმოგზაურობდით, ყველანი ერთნაირად ვჭამდით და სხვას არავის არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. თავიდან კუჭის საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი წამლები მივეცი, თუმცა მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. სრულიად გათეთრდა, თითქოს ცვილისფერი დაედო, ამიტომ გადავწყვიტეთ საავადმყოფოში წასვლა“, – იხსენებდა კრისტინა.
კრისტუპასი ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. დედის თქმით, ექიმებმა ჩაატარეს კვლევები, ექოსკოპია, შეამჩნიეს ცვლილებები და კუჭი გამოურეცხეს, თუმცა ბიჭის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. იგი ღამით მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს. განაგრძეთ კითხვა>>>