რას ამბობს კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის განაჩენზე?
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს.
როგორც მან პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა, გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, თუნდაც აქცია ჩაატაროს, შეიკრიბოს რამდენიმე ადამიანი, არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს ჩარჩოები და კანონი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება. სხვა ტიპის ქმედებებს, როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.