"პანიკაში იყო და მეც ვღელავდი... ფეხებს და ხელებს დაღლილობის გამო ვერ ამოძრავებდა" - რას ჰყვება 23 წლის თემო კუბლაშვილი, რომელმაც ლისის ტბაზე ახალგაზრდა დახრჩობას გადაარჩინა?
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ლისის ტბაზე მომხდარი ამბის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, ღამით, 23:00 საათზე, ლისის ტბაზე ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ბიჭმა ტბაში დახრჩობას კაცი გადაარჩინა. ბიჭი, რომელზეც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი 23 წლის თემო კუბლაშვილია.
"კვირის პალიტრა" თემო კუბლაშვილს ესაუბრა.
- თემო, სოციალური ქსელში ყველა თქვენს გმირობაზე საუბრობს და უამრავი ადამიანი გლოცავთ... გვიამბეთ, რა მოხდა იმ დღეს ლისზე?
- არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვეულებრივი დღე იყო. უკვე საღამო იყო. ვამთავრებდით მუშაობას. ბევრი ხალხი იყო... ბავშვს ბურთი გადაუვარდა წყალში და ერთი ადამიანი შევიდა ლისის ტბაში, რომ ბურთი გამოეტანა. ვიცნობ ამ ბიჭს, ჩვენთან მუშაობა ახალი დაწყებული აქვს... სიბნელე იყო და როგორც ჩანს, სიბნელეში გაუჭირდა გზის გამოკვლევა, ან დაიბნა, სტრესი მიიღო და შეეშინდა. ბალახებიც იყო წყალში. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, რადგან მასთან ამ დეტალებზე ჯერ არ მისაუბრია, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყო და ახალი გამოჯანმრთელებულია. გავიგე, რომ დაიყვირა, მიშველეთო. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მეორედაც რომ გავიგონე იგივე სიტყვები - მიშველეთო, მაშინვე შევედი წყალში და შევეცადე დავხმარებოდი... მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- ამ დროს თქვენც ნაპირზე იდექით?
- მეც იქ ვიყავი, თითქმის დამთავრებული მქონდა უკვე მუშაობა... ზუსტი დრო არ ვიცი, თერთმეტი საათი იქნებოდა ან თორმეტის წუთები. სიბნელე იყო, წყალში საერთოდ არაფერი ჩანდა. როგორც გითხარით, ყვირილის ხმაზე მივხვდი, რომ უჭირდა, ცუდად იყო საქმე, წყალში შევედი და იმდენად ემოციურად ვიყავი მეც, რომ სიმართლე გითხრათ ახლა დეტალები არც მახსოვს...
ვხედავდი, რომ შველა სჭირდებოდა. მივედი მასთან ახლოს და ვეუბნებოდი, მომისმინე - მეთქი, რადგან თავიდან გავიფიქრე, მეც არ ჩამჭიდოს ხელი, ან რამე არ მოხდეს და ორივე არ დავიხრჩოთ აქ-მეთქი. მისმენდა რასაც ვეუბნებოდი, უბრალოდ, ფეხებს და ხელებს დაღლილობის გამო ვერ ამოძრავებდა. მერე ბურთი მივაწოდე, რომ მას დაყრდნობოდა. მთლად ვერ გაუძლო, იმიტომ, რომ პატარა ბურთი იყო, მეც ვაწვებოდი, ვცდილობდი როგორმე ნაპირისკენ წამეყვანა. ალბათ, ნაპირიდან 200-300 მეტრის მოშორებით ვიყავით. ზუსტად ამასაც ვერ გეტყვით. ის პანიკაში იყო და ბუნებრივია, მეც ვღელავდი, რადგან ჩემთვისაც პირველი იყო მსგავსი სიტუაცია. მთავარია, გონზე იყო, უბრალოდ იმდენად დაღლილი იყო, ხელების და ფეხების მოძრაობა აღარ შეეძლო. ჩავყვინთავდი, ამოვყვინთავდი და ვცდილობდი, როგორმე გამეწია ნაპირისკენ. მეც იმდენად სტრესში ვიყავი, სიმართლე გითხრათ, ვერც ვიხსენებ კარგად, როგორ გამოვედით უკან...
ნაპირზე ბევრი ხალხი იყო. წყალში შემოსვლა სხვებს არ უცდიათ, თუმცა ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას, ჩაგვიყარეს დიდი პლასტმასის ბოთლები, რომ მათ ტივტივას როლი რომ შეესრულებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბიჭი თავს იტკიებდა, როგორც ჩანს, ბევრი წყალიც ჰქონდა ნაყლაპი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. განაგრძეთ კითხვა>>>