ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მათგან სამი პირი ძებნაშია.
ირაკლი მხეიძეს 2023 წელს, როცა ის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორი იყო, განხორციელებულ ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი, ბრალდების მიხედვით, ის პირადი გამორჩენის მიზნით დანაშაულებრივ ჯგუფს ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონო რეალიზაციაში და სამართალდარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდა.
პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ჯამში 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რამაც რიგ შემთხვევებში ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას სხვადასხვა სიმძიმის საფრთხე შეუქმნა.
ამასთან, უწყების ცნობით, დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ჯამში 54 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი.