გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულების, დემეტრე ჩიქოვანისა და ანი ნასყიდაშვილის განაჩენი ცნობილია
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.
ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დღევანდელ სხდომაზე სასჯელის დანიშვნამდე მოსამართლემ მხარეებს სასჯელთან დაკავშირებით პოზიცია ჰკითხა. პროკურატურამ მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა და განმარტა, რომ მსგავსი თავზეხელაღებულობა დასჯილი უნდა იყოს და ამასთან, ეს სასჯელი ყველასთვის მაგალითი იქნება.
დაცვის მხარე მსჯავრდებულების ასაკზე აპელირებდა და ამასთან, ხაზს უსვამდა, რომ ისინი წარსულში კანონთან კონფლიქტში არ ყოფილან, რის გამოც, მოსამართლეს მაქსიმალური სასჯელი არ უნდა განესაზღვრა.
"თქვენ, თქვენი უშიშარი სიტყვით ღირსეულად დაიცავით ღირსეული ახალგაზრდის ღირსება. ბედნიერად გეცხოვროთ ბატონო მოსამართლე", - ამ სიტყვებით მიმართა გიგა ავალიანის დედამ მოსამართლეს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
გასულ სხდომაზე ჯინჯოლიამ ჩიქოვანი და ნასყიდაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, დღევანდელ სხდომაზე კი სასჯელი განუსაზღვრა.
პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავებოდა.
ცნობისთვის, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განაგრძეთ კითხვა>>>