4 გადაწყვეტილება, რომლებიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.
საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა.
შსს-ს ცნობით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.
მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება.
კერძოდ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება.
რაც შეეხება არაგეგმურ გამოცდას, მისი ჩაბარების შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ შაბათ დღეს ექნებათ.
გარკვეული პირები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ
2026 წლის 1-ელი ივნისიდან ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ იანვარში მიიღო.
„2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.
მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,“ - ნათქვამია დადგენილებაში.
სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირება
2026 წლის ივნისიდან გიდების სერტიფიცირების ვალდებულება ამოქმედდება. ამ წესის დარღვევისთვის, გარკვეული ჯარიმებიცაა გათვალისწინებული.
კერძოდ, ვალდებულება შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ.