"ბაღის დირექტორმა ყველაფერი იცოდა - მის კაბინეტში ადებდნენ თურმე ბავშვს ყინულებს და მალამოებს, რომ დაზიანებების კვალი გაექროთ" - რას წერს ბებია საბავშვო ბაღის აღმზრდელზე, რომელიც 2 წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს?
სასამართლომ კერძო ბაღის აღმზრდელს მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2 წლის ბავშვის ბებია ლიკა მახარაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ბაღის აღმზრდელს, რომელმაც დაჩიზე იძალადა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სიმართლე გითხრათ, არ გამხარებია, პირიქით - შემეცოდა კიდეც, იმდენი ცხოვრებისეული და ჯანმრთელობის პრობლემებით ყოფილა დამძიმებული და, როგორც ჩანს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არასტაბილურია.
კიდევ უფრო მეტად გავბრაზდი ბაღის ხელმძღვანელობაზე და, განსაკუთრებით, დირექტორ ანი ჯოლბორდზე, რადგან მას შეეძლო, ეს აღმზრდელიც გადაერჩინა ამ უბედურებისგან და დაჩიც დაეცვა! დარწმუნებული ვარ, მან იცოდა მისი მდგომარეობის შესახებ და არ უნდა მიეცა აღმზრდელად მუშაობის უფლება.
ასევე, თავიდანვე იცოდა ბავშვის დაზიანებების შესახებ, ყველა შემთხვევას დედა მას ატყობინებდა და სთხოვდა კამერების შემოწმებას.
დირექტორ ანი ჯოლბორდს რომ გამოეჩინა სამსახურებრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური თანაგრძნობა და ჯეროვნად სცოდნოდა თავისი უფლება-მოვალეობები და შეესრულებინა ისინი, ამ კონკრეტულ დანაშაულს თავიდან აგვაცილებდა.
ისე, საინტერესოა ბაღის მფლობელის, თუ მფლობელების, პოზიცია ქ-ნ ჯოლბორდთან დაკავშირებით!!!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ!!! ანი ჯოლბორდმა ყველაფერი იცოდა - მის კაბინეტში ადებდნენ თურმე ბავშვს ყინულებს და მალამოებს, რომ დაზიანებების კვალი გაექროთ. რომ არ გამოუვიდათ, დადგეს სცენა სათამაშო მარტორქით და პირადად მან , ქ- მა ჯოლბორდმა, გადაუგზავნა დედას. ყველა ეს მასალა დედამ გამოძიებას მიაწოდა.
ასევე , გამორიცხულია ბაღის სხვა თანამშრომლებს ეს ყველაფერი არ სცოდნოდათ. მათ თვალწინ მოხდა ძალადობა და მათ თვალწინ დაარბენინებდნენ შემდეგ ყინულებდადებულ ბავშვს ოთახ-ოთახ!!! მაგრამ მათთვის ეს არ იყო განსაკუთრებული შემთხვევა! ამ თემაზე დადებული ყველა პოსტის, განსაკუთრებით ბაღის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ, სავსეა კომენტარები ამ ბაღის ფილიალებში არსებული ძალადობის ამბებით!!!
ჩემი და ქრისტის მესენჯერიც სავსეა გულშემატკივრების შეტყობინებებით. მათი უმეტესობა გვიზიარებს თავის ცუდ და ძალიან ცუდ გამოცდილებას ბაღის შესახებ! აქვე მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო!!!
ასე რომ, როცა ბრიტანულ - ქართული საბავშვო ბაღი-ABC განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს მათთვის პირველი შემთხვევა იყო და თანამშრომელი მყისიერად გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკნარი სიცრუეა!!!
ბრიტანული რატომ ქვია ამ ბაღს, ვერ დავადგინე - არც სტანდარტი აქვთ ბრიტანული, არც ლიცენზია! ალბათ, უბრალო სარეკლამო ხრიკია, როგორც სხვა ბევრი რამ მათ განცხადებებში
ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, ბაღის ადმინისტრაცია - თავის დამფუძნებლებ-დირექტორიანად, მოძალადეზე მეტად დამნაშავეა, რადგან მათ შეეძლოთ დანაშაულის პრევენცია, მეტიც - ეს მათი პირდაპირი მოვალეობა იყო!!!
ყველაზე შემზარავი კიდევ ის არის, რომ საერთოდ ვერ იაზრებენ თავის თანამონაწილეობას ამ ამბავში და კვლავ ტყუილებით ცდილობენ მშრალად გავიდნენ ფონს!!!
სირცხვილი თქვენ!!!" - წერს ლიკა მახარაშვილი.