"ამ ვიდეოში ყველაზე საინტერესოა რომ სახლში დაუყენეს კამერა საკუთარ მონას - სახლში!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის, კონსპირაციული შეხვედრისას ინსტქუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტია ასახული:
"ამ ვიდეოში ყველაზე საინტერესოა რომ სახლში დაუყენეს კამერა საკუთარ მონას. სახლში! წარმოიდგინეთ რა ხდება თქვენს სახლებში ქოცებო, თორემ ჩვენ რომ ყველგან გვისმენენ და გვიყურებენ ვიცით," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.