2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე 4-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს. ცვლილებები დაგეგმილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, რომლის ავტორიც განათლების სამინისტროა.
დღეს მოქმედი კანონით, 2010 წლის სექტემბრამდე 4-წლიანი პროგრამების დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ. დაუსწრებელი) ერთსაფეხურიანი პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომები მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს ქმნის უთანასწორო მდგომარეობას, რაც ცვლილებების მიღების შემთხვევაში გამოსწორდება.
„აღნიშნული ცვლილების განხორციელების გარეშე, პირები, რომლებმაც დაასრულეს ოთხ წლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც 4-წლიანი (ე.წ დასწრებული) ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ასევე, 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება მარტივდება.
კანონპროექტი ასევე ეხება იმ პირებს, რომლებმაც 2010 წლის სექტემბრამდე სწავლა დაასრულეს ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც დაკარგეს ან ვერ გაიარეს აკრედიტაცია. ცვლილებების მიხედვით, მათი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდება სასამართლოს ჩარევის გარეშე. განაგრძეთ კითხვა>>>