"ვეხმაურები ტელეკომპანია იმედის ამორალურ პროვოკაციას, ჩემს მიერ ერთ-ერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ "პოლიტიკურ აუტიზმთან" დაკავშირებით" - რას განმარტავს ნიკა გვარამია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს.
"ვეხმაურები ტელეკომპანია იმედის ამორალურ პროვოკაციას, ჩემს მიერ ერთ-ერთ პოსტში მოხსენიებულ ტერმინ "პოლიტიკურ აუტიზმთან" დაკავშირებით:
ცხადია, არავითარ კავშირში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არ აქვს. ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი "პოლიტიკური" და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში.
ის, რომ აუტიზმი დიაგნოზია, არანაირად არ განაპირობებს რეალური ადამიანების შეურაცხყოფას.
"პოლიტიკურად კოჭლი" რომ მეწეროს, ან "პოლიტიკური სიყრუე", ან "პოლიტიკური შიზოფრენია", მაშინ? თუ სიყრუე, სიბრმავე და შიზოფრენია დიაგნოზი არაა?
სტერილური "პოლიტკორექტულობაა" სწორედ ის უკიდურესობა, რომელიც ბუნებრივად და კანონზომიერად შობს საწინააღმდეგო უკიდურესობას ფაშისტური მემარჯვენეობის სახით.
ps თუ ვინმემ მაინც აღიქვა ეს გამოთქმა პრობლემად, დავას არ ვაპირებ, უბრალოდ წავშლი." - წერს ნიკა გვარამია.