"ეს დიდი ტრაგედია გუშინ მოხდა, გზაზე გადადიოდა" - ცნობილია ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას ცენტრში გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის ირაკლი ქარსივაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს "მერსედესის" მარკის ავტომობილი მაშინ შეეჯახა, როცა ის სოფლის გზაზე გადადიოდა. ახალგაზრდამ მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მანქანის მძღოლს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია. როგორც ადგილობრივი ამბობს, მანქანას ამავე სოფელში მცხოვრები 18 წლის ბიჭი მართავდა და ის სამართალდამცავებმა იქვე დააკავეს.
"ეს დიდი ტრაგედია გუშინ მოხდა ჩვენს სოფელში, ხალას ცენტრში, დაახლოებით, საღამოს ცხრის ნახევარზე. გარდაცვლილი ძალიან კარგი ახალგაზრდაა. გზაზე გადადიოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. ვინც დაეჯახა, ისიც ჩვენი სოფლელია, 18 წლის ბიჭი, გვარად ბარამიძე. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, ადგილიდან არსად წასულა, პოლიციას დაელოდა და იქვე დააკავეს. არ ვიცი, რამ გამოიწვია ავარია...
ირაკლი მეზღვაური იყო, 10 დღის წინ ჩამოვიდა. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ დიდ ტკივილს... ვინც დაეჯახა, ეს ბიჭიც ძალიან პატიოსანი და კარგი ადამიანია. ირაკლი ბათუმის საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა ვერ გადაარჩინეს" - განუცხადა მერის წარმომადგენელმა ნოდარ კახიძემ "კვირის პალიტრას".