"პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი..." - ზურაბ ჭიაბერაშვილი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი:
1. ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე ამერიკა ამ ომიდან ვერ გამოვა.
2. ტრამპმა იცის, რომ მისი მემკვიდრეობა ამ ომის პოლიტიკური (და არა სამხედრო) წარმატებით შეფასდება. ამიტომ მისთვის აბსოლუტური შეზღუდვა ვერ იქნება, როგორი იქნება საწვავის ფასი სექტემბერში და რა მოუვა რესპუბლიკურ პარტიას ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე.
3. თუ ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნა სამხედრო ძალით მოუწია, ეს ნიშნავს, რომ ირანი კარგავს კონტროლს ყურიდან, მათ შორის, საკუთარი ნავთობის გატანაზე ანუ მთავარ საბიუჯეტო შემოსავალზე. ასეთ შემთხვევაში რეჟიმის გამოფიტვა მხოლოდ დროის საკითხია.
4. რეჟიმის ცვლილება რომც არ ყოფილიყო ომის თავდაპირველი პოლიტიკური მიზანი, მისი ალბათობა იზრდება, თუ 1-ლი და მე-3 პუნქტი სწორია. და თუ რეჟიმი იცვლება, არსებითი პოლიტიკური მიზნების - ბირთვული პროგრამის დახურვა და რეგიონში ტერორისტული ქსელების ამოშანთვა - მარტივდება.
5. ირანის რეჟიმის კალკულაციაში მთავარი შეცდომა მე-2 პუნქტი იყო. მან ჩათვალა, რომ ნავთობის გაზრდილი ფასი და რეგიონის ქვეყნებზე სამხედრო მუქარა/დარტყმა ტრამპს უკან დაახევინებდა. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.
P.S. ბომბები გამოელია ამერიკას, დეფ?" - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.