ვრცელდება პირველი კადრები საქართველოს საპატრიარქოდან, სადაც ილია მეორეა დასვენებული
ვრცელდება პირველი კადრები საქართველოს საპატრიარქოდან, სადაც კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესილი ილია მეორეა დასვენებული. ვიდეოს საეკლესიო სიახლეები Eklesianews.ge ავრცელებს.
პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე დამატებითი დეტალები 18 მარტს, წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, 18 მარტს, 14:00 საათზე, გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, რის შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესის და უნეტარესისის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პატრიარქს, 18 მარტს გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში.
„ხვალ შედგება სინოდი, 14:00 საათზე. სინოდის შემდეგ გავაცხადებთ დეტალებს დაკრძალვასთან დაკავშირებით. ხვალვე გადავასვენებთ კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში პანაშვიდები არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოს შენობა სასულიერო პირთა ნაწილმა უკვე დატოვა. საპატრიარქოს შენობა, ცოტა ხნის წინ, ასევე, დატოვეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.