დანთებული სანთლები, გალობა და ლოცვა - რა ხდება საპატრიარქოსთან, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან
საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეები იკრიბებიან. მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.
ადგილზე მოქალაქეებს დანთებული აქვთ სანთლები, გალობენ და ლოცულობენ.
არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კლინიკიდან საპატრიარქოშია გადასვენებული.
დავითაშვილის განმარტებით, პატრიარქს რამდენიმე საათში, ან ხვალ გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში.
“პირველ რიგში, გეტყვით, რომ საუბარი ძალიან მიმძიმს, უბრალოდ გეტყვით, რომ აპატიოსნებენ მის უწმინდესობას, ვფიქრობ, ორ საათში გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, ან ხვალ დილით, ზუსტად არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა დავითაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში გამთენიისას გადაიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.