"ბავშვების აღზრდის საკითხზე ბევრს ვფიქრობ, ურთულესია, მაგრამ ვცდილობ, ძალიან სიღრმეში არ ჩავიდე" - თამუნა ამონაშვილი
"ბავშვების გაჩენამ ჩვენს ოჯახში ძალიან განსხვავებული განცდები და ემოციები შემოიტანა", - ამბობს მომღერალი თამუნა ამონაშვილი. რა ახალი აღმოჩენები გააკეთებინა დედობამ საკუთარ თავში, რა ვერ გაბედა დღემდე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მომღერალი. პირველივე კლასიდან მხოლოდ ამ ინტერესით ვიყავი მოცული. მაშინ სხვა პროფესიაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით არქიტექტურამ დამაინტერესა, განსაკუთრებით დიზაინის მიმართულებამ. რომ არა მუსიკა, შესაძლოა ბედი ამ მიმართულებით მეცადა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- დედას. მშობელი შვილის ენერგეტიკას ყველაზე კარგად გრძნობს. მუსიკალურ სფეროს მან მაზიარა. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მხვდებოდნენ და თითოეული ნაბიჯით წინსვლაში მეხმარებოდნენ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ალბათ, იმავე გზას გავივლიდი, ძალიან ლამაზად ვიცხოვრე, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ჩემს ცხოვრებაშიც იყო შეცდომები, მაგრამ ამის გარეშე პიროვნების ჩამოყალიბებაც არ ხდება.
- ბედნიერი ვარ...
- რომ მყავს ორი შვილი. ბავშვების გაჩენამ ჩვენს ოჯახში ძალიან განსხვავებული განცდები და ემოციები შემოიტანა. ჩემს ცხოვრებაში ენით აუწერელი ამბავი მოხდა, რომელსაც მგონია, რომ სათანადოდ ჯერ ვერ ვაცნობიერებ. ერთი ვიცი, რომ უფალმა უდიდესი საჩუქარი გამომიგზავნა.
- 3 მარტს, დედის დღეს, ამ სტატუსით პირველად შეხვდით.
- ჯერ რუტინაში ვარ, ნამდვილად არ მეგონა, ამხელა ენერგია თუ მექნებოდა. ალბათ, რომ გაიზრდებიან, "დედას" რომ დამიძახებენ, მერე და მერე უფრო მოვა ეს განცდები, უფრო შევიგრძნობ...
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- იმედიანად ვარ, ბავშვების აღზრდის საკითხზე ბევრს ვფიქრობ, ურთულესია, მაგრამ ვცდილობ, ძალიან სიღრმეში არ ჩავიდე, მივყვე ცხოვრების დინებას და რეალობიდან გამომდინარე ვიმოქმედო, ვიდრე დაშტამპული გეგმებით ვიცხოვრო. სიყვარული ისწავლება სწორი მიდგომებით. ვეცდები, ჩემს შვილებს ვასწავლო სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ. როდესაც ჩემს ენერგიას (გნებავთ ინტუიციას) მივყვები, ყოველთვის სწორ ნაბიჯებს ვდგამ, ამიტომ ვენდობი. შესაძლოა შეცდომებიც დავუშვა, მაგრამ ვილოცებ, რომ გამოსწორების ძალა მომეცეს. განაგრძეთ კითხვა