დაკავებულია 14 პირი - სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა: ბრიფინგი შსს-ში
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან.
გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო 3 პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყო ძებნაში" - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.