"რომ დავინახე, გული გამისკდა" - რა კადრები ვრცელდება კახეთიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რა არის "ბერიკაობა" და როდის აღინიშნება?
"რომ დავინახე, გული გამისკდა" - წერენ კომენტარებში, ვინც "ბერიკაობის" ტრადიციის შესახებ არაფერი იცის.
საქართველო მდიდარია უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქართული ტრადიციული თამაშები მხოლოდ გართობას არ ემსახურებოდა ამ მრავალფეროვან მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბერიკაობას — ქართულ ხალხურ დღესასწაულსა და იმპროვიზაციულ ნიღბების თეატრს.
თავად ტერმინი „ბერიკაობა“ განაყოფიერების სადიდებელ სანახაობას ნიშნავს. დღესასწაული გაზაფხულის დასაწყისში იმართებოდა. ბერიკები სხვადასხვა ნიღბით აწყობდნენ წარმოდგენებს, რომელთა შინაარსი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის დაახლოებით ასამდე სიუჟეტი, რომელთა უმეტესობა კომიკურ ხასიათს ატარებს და საყოფაცხოვრებო თემაზეა შექმნილი.
მესხურ სოფლებში ბერიკაობა დღესაც იმართება ადრე გაზაფხულზე, მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და მთელი კვირის განმავლობაში გრძელდება. წარმოდგენებში ასახულია მონღოლთა მიერ დაპყრობილ საქართველოში არსებული ვითარება და სადამსჯელო ეპიზოდები. დროთა განმავლობაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა.
ბერიკაობის ტრადიცია არა მხოლოდ წარმოდგენებში, არამედ ქანდაკებაშიც აისახა. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, თოჯინების თეატრის მიმდებარედ მდებარე კომპოზიცია „ბერიკაობა“ დღემდე იქცევს როგორც ადგილობრივების, ისე დედაქალაქის სტუმრების ყურადღებას. ქანდაკება, რომელიც ბერიკაობის სიმბოლოს წარმოადგენს, მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის ნამუშევარია.