loader

რას აცხადებს ელისო კილაძის ადვოკატი მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებს ელისო კილაძის ადვოკატი მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა?

ვინახულე [ელისო კილაძე], ერთად გავეცანით ბრალდების დადგენილებას, რა თქმა უნდა, არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება - იქიდან, რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება,- ამის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, კილაძე მიიჩნევს, რომ ბრალი, რაც მას პროკურატურამ წაუყენა, „ხელოვნურად შექმნილია“.

„საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გავეცანი ბრალდების დადგენილებას, რომელიც ქალბატონ ელისოსაც აქვს. ვინახულე, ერთად გავეცანით. რა თქმა უნდა, ის არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება ამ ბრალდებაში. მიაჩნია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი იმისათვის, რომ მისი იზოლაცია მომხდარიყო. ჩამოიშორეს. გააკეთებს ალბათ განცხადებას, როცა მოვა სასამართლოში. ამ შემთხვევაში, ვიდრე არ გავეცნობი საქმის მასალებს, ჩემი ნებისმიერი კომენტარი სამართლებრივად არ აღიქმება. პროკურატურა რასაც ამბობს, ამბობს მოსახლეობის დასარწმუნებლად. სინამდვილეში, იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. პროკურატურის განცხადებით, ბენ ანორმა „ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.