loader

"რეფორმის ფარგლებში მორიგი უგუნური გადაწყვეტილება: უქმდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა" - მანანა რატიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რეფორმის ფარგლებში მორიგი უგუნური გადაწყვეტილება: უქმდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა" - მანანა რატიანი

"უქმდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა" - ამის შესახებ პროფესორი, განათლების ექსპერტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რისკის ქვეშ დადგება კვლევითი უნარების განვითარება, ხანგრძლივი დამოუკიდებელი პრაქტიკის გავლა, აკადემიური კომპეტენციები და დასაქმების შანსი.

"რეფორმის ფარგლებში მორიგი უგუნური გადაწყვეტილება:

უქმდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

საგანმანათლებლო პროგრამებს საფუძვლად უდევს დარგობრივი მახასიათებლები, რომელთა შემუშავება გრძელვადიან პროცესს ეფუძნება. მის შემუშავებაში ჩართულები არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს პროგრამები.

დარგობრივი მახასიათებელი დამტკიცდა 2025 წელს 8 წლიანი ვადით. ახალი პროგრამები გახდა მეტად ასაკობრივ თავისებურებებზე ორიენტირებული, მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებაზე, მასში მეტად იყო ჩაშენებული პრაქტიკის კომპონენტები, რაც სტუდენტს აძლევდა საშუალებას რეალურად მომზადებულიყო სასკოლო ცხოვრებისთვის და მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შეეღო საკლასო ოთახის კარი. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებული მაგისტრის ხარისხს ატარებს, რაც მას საშუალებას აძლევს პრაქტიკული და კვლევითი კომპეტენციებით შევიდეს სკოლაში და საკუთარი პრაქტიკა იკვლიოს და გააუმჯობესოს.

ამავე პროგრამის ფარგლებში მზადდება ქართულის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია აირჩიოს დამატებითი კრედიტები საზოგადოებრივ მეცნიერებებში. რაც ასევე ბევრად უფრო მრავალფეროვანი პროფილით უშვებდა ახალგაზრდა კადრს, რომელსაც დასაქმების მეტი შესაძლებლობა ჰქონდა. რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, ამ პროგრამაში ჩაშენდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული, რაც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით განხორციელდა.

საბაზო საშუალო საფეხურზე კი 300-კრედიტიანი ინტეგრირებული პროგრამა ამზადებს საგნების/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს, რაც ასევე ზრდის ახალგაზრდის დასაქმების შანსს მომავალში. არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ერთი საგნის მასწავლებელს მცირეკონტინგენტიან სკოლაში სრული საათობრივი დატვირთვა არ აქვს, საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობა კი მისი დასაქმების შანსს ზრდის

წლების შემცირებით რისკის ქვეშ დადგება კვლევითი უნარების განვითარება, ხანგრძლივი დამოუკიდებელი პრაქტიკის გავლა, აკადემიური კომპეტენციები, დასაქმების შანსი, რადგან მხოლოდ ერთი საგნის მასწავლებლის მომზადებას თუ მოვახერხებთ, ისიც კვლევის უნარების გარეშე და შემცირებული პრაქტიკის კომპონენტით.

განათლების პროგრამებმა 2025 წელს გაიარეს კლასტერული აკრედიტაცია, რაც მათ 7-წლიანი ფუნქციონირების საფუძველს ანიჭებს. პროგრამების მექანიკურად 3 წლამდე დაყვანა ცვლის მისაღწევ შედეგებს, რაც დარგობრივი მახასიათებლების ცვლილების და შემდეგ ხელახალი აკრედიტაციის ვალდებულებას წარმოქმნის" - წერს მანანა რატიანი.