„ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდეა“ - სტომატოლოგთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, სტომატოლოგიური კლინიკები ახალ წესებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, ასოციაციის ცნობით, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის №525 დადგენილება, რომლის საფუძველზეც, ავტორიზაციის სისტემაში ახალი რეგისტრაციის მექანიზმი დაინერგა.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, აქამდე დენტალური და ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება ლიცენზიას საჭიროებდა, ახალი რეგულაციით კი, აღნიშნული საქმიანობა რეგისტრაციის კატეგორიაში გადავიდა.
„რეგისტრაცია ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისათვის მინიჭებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელიც უფრო მარტივ პროცედურასთანაა დაკავშირებული.
სტომატოლოგიურმა კლინიკებმა არსებული ლიცენზიების რეგისტრაციით შეცვლა 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყონ.
კლინიკებმა უნდა მიმართონ თავიანთ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც უწევენ ტექნიკურ მომსახურებას (დოზიმეტრული კონტროლი, რ/დანადგარის ხარისხის კონტროლი და სხვა.), რათა დროულად მომზადდეს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ ეხება ექსტრაორალურ რენტგენოდიაგნოსტიკურ დანადგარებს. პროცესის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დაუკავშირდით თქვენს პარტნიორ ორგანიზაციებს“, - ნათქვამია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო :BPN