loader

მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში, იგეგმება სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და ყველა სკოლისთვის ერთიანი კონცეფციის შემუშავება.

კონცეფციის თანახმად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მიზანმიმართული და სისტემური მომზადების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს 2027-2028 სასწავლო წელს დაასრულებენ.

ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. XII კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი.

მოსწავლე პირველ კლასში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი. ასევე, დამატებითი ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა განხორციელდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით.

დოკუმენტში წერია, რომ სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა.

2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება. დოკუმენტში წერია, რომ სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნებულობის განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას.

დოკუმენტი ვრცლად იხილეთ ბმულზე>>>