ვის დაუფინანსებს თბილისის მერია წელს კომუნალურ გადასახადებს?
თბილისის მერია დედაქალაქში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადს დაასუბსიდირებს.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის სოციალურ პროგრამაში წერია.
ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?
სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.
რას მოიცავს ქვეპროგრამა?
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:
ა) დასუფთავების მოსაკრებელზე:
ა.ა) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით;
ა.ბ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით;
ა.გ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით;
ა.დ) აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი 10 ლარის ოდენობით;
ბ) წყლის გადასახადზე 4,52 ლარის ოდენობით;
გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად.
როგორ უნდა მიიღოს პირმა ბენეფიტი?
კომუნალური სუბსიდია აისახება კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე.