"გირაოს ითხოვენ 30 000 ლარს... ჩემი სახელი და გვარი წერია და 15 წლიანი მუხლი, გარდა ამისა სხვა არაფერი არ დევს საქმეში" - გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება და მასალებში მხოლოდ მისი სახელი, გვარი და 15-წლიანი სასჯელის მუხლია მითითებული.
შესაბამისი განცხადება ვაშაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მისი სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვაშაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, ის ის მზად არის, გირაო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.