საპატრიარქო "TV პირველის" სკანდალურ სიუჟეტს ეხმაურება - ტელეკომპანიის ცნობით, თბილისში, მღვდელს, არასრულწლოვანების სექსუალური შევიწროებისთვის, წირვაზე მიუვარდნენ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელეკომპანია "TV პირველის" სიუჟეტს ეხმაურება.
ტელეკომპანიის ცნობით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში და გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებენ.
საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირის მხრიდან გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით მრევლს საპატრიარქოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
"ამა წლის 24 იანვარს ტელეკომპანია "TV პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მრევლის ნაწილის მხრიდან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების შესახებ.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მრევლმა საპატრიარქოს საჩივრით უკვე მიმართა, რაც არის უზუსტობა.
სინამდვილეში, ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთ წევრს ეცნობა სავარაუდო დანაშაულის შესახებ. კომისიაზე საკითხის წარსადგენად საჭიროა ოფიციალური მომართვა და სხვა შესაბამისი პროცედურები, რის შესახებაც მრევლს მიეცა განმარტება.
ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისია ოფიციალურად, წერილობით ელოდება აღნიშნულ მომართვას, რის შემდეგაც საკითხს მიეცემა მსვლელობა" - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"TV პირველის" ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ, თბილისში მდებარე ტაძრის წინამძღვარს მრევლის ნაწილი ეკლესიის ეზოში დაუპირისპირდა.
"ინფორმირებული პირი კონფიდენციალობის დაცვის პირობით ამბობს, რომ ერთ-ერთმა მოზარდმა ეკლესიაში ლოცვაზე წასვლაზე უარი თქვა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მშობლებს უთხრა, რომ მისი სულიერი მოძღვარი საკურთხეველში არასათანადოდ იქცეოდა.
წყაროს ცნობით, შვილისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ დედამ სხვა მშობლებთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ გაირკვა, რომ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი შესაძლოა ერთზე მეტი არასრულწლოვანი იყოს", - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.