"SOS! ოპერის დარბაზში ისხდნენ პალტოებით, ქუდებით, დასვრილი "საპოგებით", სახლის სვიტრებითა და ჯინსებით შემოსილი ხალხი, თავი თბილისის გარეუბნის ბაზრობაზე მეგონა..." - რას წერს პიანისტი მანანა ჩიქოვანი?
"SOS! ყურადღება! 17 იანვარს, ოპერის თეატრის დარბაზის შევსებულმა მაყურებელმა გამაოგნა. ჩვენი ულამაზესი ოპერის თეატრის დარბაზში ისხდნენ: პალტოებით, ქუდებით, დასვრილი "საპოგებით", სახლის სვიტრებითადა ჯინსებით შემოსილი ხალხი, თავი თბილისის გარეუბნის ბაზრობაზე მეგონა, სადაც ერთხელ მეგობარს წავყევი და ის საშინელი შთაბეჭდილება დღემდე მომყვება" - ამის შესახებ პიანისტი და ცნობილი ბარიტონის, ლადო ათანელის მეუღლე მანანა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მანანა ჩიქოვანის თქმით, უმჯობესი იქნება, რომ ოპერის ადმინისტრაციამ ე.წ. დრეს-კოდი დააწესოს.
"დარბაზში მაყურებელმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ არა ლინა და ნანიკოს სიყვარული, ალბათ, არც დავრჩებოდი მოსასმენად.
ოპერის ადმინისტრაციამ მასეთი მაყურებელი, რომელიც არც თავის თავს სცემს პატივს, არც საზოგადოებას და არც ჩვენს სახელოვან თეატრს, არ უნდა დაუშვას ოპერის თეატრში.
იქნებ, ბილეთზე მიუთითონ დრეს-კოდი. იქ უცხოელებიც შევნიშნე, რომელნიც დრეს-კოდს იცავდნენ და შესაბამისად გამოიყურებოდნენ.
მე პირადად ძალიან შევწუხდი და გამახსენდა ის მაყურებელი, ვინც ოპერის თეატრში მოსასვლელად სპეციალურად ტანსაცმელს იძენდნენ და იკერავდნენ.
სამწუხარო და არაეთიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე. იქნებ, როგორმე აღდგეს ძველი ტრადიცია და ოპერის თეატრში წასვლა და სპექტაკლის მოსმენა და ნახვა დღესასწაულად დაესახოს მაყურებელს" - წერს მანანა ჩიქოვანი.
პიანისტის ამ პოსტს სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მანანა ჩიქოვანმა კი კრიტიკოსებს უპასუხა.
"უაზრო კომენტარების გამო იძულებული ვარ, დავამატო იმ ადამიანებისთვის, ვინც არ მიცნობს და სასაცილო კომენტარებს ერთიანად ვუპასუხო:
მე ოპერაში პირველად არ ვყოფილვარ, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. მე ვარ საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ღირსების ორდენის კავალერის, შალვა ჩიქოვანის ქალიშვილი, რომელმაც 50 წელი ოპერის თეატრში იმუშავა და მეც 3 წლიდან ოპერაში ვიჯექი.
დედა - ვენერა ჩიქოვანი მომღერალი იყო, ოპერის თეატრში მრავალი როლი აქვს ნამღერი;
მე - საკონცერტო პიანისტი ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, 40-ზე მეტი ოპერა გვაქვს შესწავლილი;
ჩემი მეუღლე არის,მსოფლიო ბარიტონი ლადო ათანელი. მსოფლიო საუკეთესო ოპერის თეატრებში მღეროდა და მღერის. ასე რომ გაითვალისწინეთ, როცა კომენტარებს წერთ" - წერს მანანა ჩიქოვანი.