სკოლის მანდატურების ხელფასი იზრდება - რა თანხით განისაზღვრა მათი ანაზღაურება?
საჯარო სკოლების მანდატურების ხელფასი 250-ლარით იზრდება. როგორც ირკვევა მანდატურების ანაზღაურება 2026 წელს 1500 ლარი იქნება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 13 იანვრის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია პროფესიულ საგანმანათლებლო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურთა მომსახურების საფასური.
დოკუმენტის თანახმად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში 1700 ლარი იქნება.
ბრძანება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
ცნობისთვის, მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდის შესახებ ინფორმაცია გასულ წელსვე გახდა ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წლის ბიუჯეტით, ხელფასები 10%-ით გაეზარდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.
წყარო:BPN