"ონკოლოგიური პრობლემა აღმომაჩნდა, ამ ადგილას მოვედი, ვილოცე და გამოვჯანმრთელდი, რასაც გულით სთხოვთ, აგისრულდებათ" - რას ჰყვებიან მამა ვიტალის შესახებ?
,,როცა მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და, როგორც ცოცხალს, ისე მომიყევით ყველაფერი. მე დაგეხმარებით!” – ეს გახლდათ მამა ვიტალი სიდორენკოს დაპირება ხალხისადმი. ის თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული და მის საფლავთან ყოველდღე მრავალი მომლოცველი მიდის. სანთლებს ანთებენ და თავიანთ გასაჭირს უყვებიან.
მამა ვიტალის მადლი რომ სასწაულებს ახდენს, ამას ეკლესიაში შეკრებილი მრევლი ერთხმად ადასტურებს, როგორც ამბობენ, მისი ძალა ონკოპაციენტებისთვის განსაკუთრებით დიდი იმედის მომტანია.
იქ მოსული მრევლი კამერასთან საუბარს ერიდება, თუმცა პირად საუბრებში იმ მრავალრიცხოვან სასწაულებზე გვიყვება, რასაც მამა ვიტალი ახდენდა, პირველი და გამორჩეული 9 წლის ასაკში იყო, როცა მამა ვიტალიმ ძირს დაცემული ცხოველები ლოცვის ძალით გადაარჩინა.
მამა ვიტალი ივანე ჯავახიშვილის 65 ნომერში მდებარე რუსული ეკლესიის ეზოში განისვენებს, სადაც მორწმუნეებს ყოველ დღე შეუძლია მისვლა და მოლოცვა.